ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა.
დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია, სამხედრო ძალა წყნარ ოკეანეში თავისი ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენოს მაშინ, როცა დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურულია.
ინტერფაქსის თანახმად, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-ის კურსი, იყოს დომინანტი ოკეანეებში, არის უსაფრთხოების გამოწვევა რუსეთისთვის.
რუსი სამთავრობო მედია ТАСС დოქტრინაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნატოსთან ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორი ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიუღებლობა იქნება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია „ურთიერთობის განვითარება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან მიმდებარე ზღვებითა და საზღვაო სივრცეებით, მათ შორის ხმელთაშუა და წითელი ზღვებით".
რუსული პრესის მიხედვით, ახალი დოქტრინა ითვალისწინებს რუსეთის საქმიანობის გააქტიურებას სვალბარდის არქიპელაგში, ფრანც იოზეფის მიწაზე, ნოვაია ზემლიასა და ვრანგელის კუნძულზე.
ახალი დოკუმენტით, 2015 წლის ივნისში დამტკიცებული საზღვაო დოქტრინა ბათილად არის აღიარებული.